პირველი ივნისი და პირველი პოსტი

1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც “ვილა ყიყლიყო” wordpress-ზე დავარეგისტრირე, თუმცა მხოლოდ დღეს გადავწყვიტე პირველი პოსტის დაწერა. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო… ალბათ, ჩემი ბავშვობიდან.

სურ0

90-იანების ფოტოატელიე

რამდენიმე დღის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე აღვნიშნეთ. მე ზუსტად იმ წლის 20 დეკემბერს, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადე, თუმცა მეორე დღეს სამოქალაქო ომი და, როგორც ამბობენ “ბნელი” 90-იანების ერაც დაიწყო. ახლა ვხვდები, რად უჯდებოდათ ჩვენს მშობლებს იმ პერიოდში ცხოვრება, თუმცა მათივე წყალობით ბავშვებმა ეს ნაკლებად ვიგრძენით.

ჩემს საყვარელ მაგალითს მოგიყვანთ – მაშინ, როცა შუქი ქრებოდა (ეს კი საკმაოდ ხშირად ხდებოდა) მამა დამალობანას გვათამაშებდა ხოლმე. ჯერ სამალავის პოვნაში გვეხმარებოდა (მახსოვს, ჩემი ძმა ერთხელ კარადის თავზეც კი შემოსვა), მერე კი მინიშნებებს გვაძლევდა – “ცივა/ცხელას” სახით. ალბათ, ეს უფრო ზამთრის გასართობი იყო, რადგან თბილ ამინდებში მთელ დროს ეზოში ვატარებდით. ჩვენს ქუჩაზე ძალიან ბევრნი ვიყავით და ხშირად გაიგებდით შემდეგ ფრაზას: “დე, 5 წუთიც ვიქნები და ამოვალ” 🙂

ხანდახან კონცერტებსაც ვატარებდით – მახსოვს, როგორ გულმოდგინედ ვრეპეტიციობდით, 20 თეთრად ვყიდდით ბილეთებს, ვაწყობდით სცენას და ვამზადებდით ნომრებს. ვისაც რისი ნიჭი ჰქონდა, იმას აჩვენებდა – მარტო ლექსებით და ცეკვა-სიმღერით კი არ შემოვიფარგლებოდით… ზოგიერთი ბურთს კენწლიდა, ზოგიც კარატეს ილეთებს წარმოადგენდა. შემდეგ შეგროვებული ფულით ჯოხიან კამფეტებს და “პრიანიკებს” ვყიდულობდით ხოლმე.

საზაფხულო არდადეგები ხომ ცალკე თავგადასავალი იყო. სკოლის დამთავრებისთანავე ბებიას მივყავდი რუსთავში – თქვენ კი იფიქრებთ, რუსთავი რომელი კურორტიაო, მაგრამ იქ ყოფნა ძალიანაც მიყვარდა. რუსთავის ეზოში კიდევ უფრო მეტი ბავშვი იყო, ვიდრე ჩემს ქუჩაზე. სკოლიდან უკვე დათხოვილი ვიყავი – ე.ი. შემეძლო გვიანობამდე მეძინა, ახალგაღვიძებულს კი აუცილებლად დამხვდებოდა ბებოს მოტანილი ნაყინი.

სურ2

მარტყოფი – შევექცევით ხიდან მოკრეფილ თუთას

ივლისში უკვე მარტყოფში მივდიოდით ხოლმე – დედა და მამა სამსახურიდან საღამოობით ბრუნდებოდნენ. მახსოვს, მათი ჩამოსვლის დრო რომ მოახლოვდებოდა, ბებოსთან ერთად გავიდოდით ჭიშკართან და ველოდებოდით, როდის გამოჩნდებოდა მოსახვევში ჩვენი ყვითელი “ჟიგული”… ისე კი, ძირითადად, მდინარეზე ვიყავიით, რომელიც კოჭამდე ძლივს გვწვდებოდა, მაგრამ დიდი ქვებით ვაგუბებდით და მშვენიერ საჭყუმპალაოს ვიწყობდით. ხეებზე ჯდომაც ძალიან გვიყვარდა – ბაბუას უამრავი ხილი ქონდა ეზოში – ბალი, ლეღვი, ატამი, ალუბალი, კაკალი… ჩვენი ფავორიტი მაინც მეზობლის თუთა იყო, საიდანაც ყოველთვის მოთხუპნულები ჩამოვდიოდით. რა თქმა უნდა, მისტიციზმიც არ გვავიწყდებოდა და ხშირად გადაგვაწყდებოდით მარტყოფის მიტოვებულ სახლებში, სადაც სულების გამოძახებით ვიყავით დაკავებულები 😀 საღამოობით ყველანი ერთად ვიკრიბებოდით ე.წ.”ბირჟაზე”.

აგვისტოში უკვე სოფლისკენ ვიღებდით გეზს და მთელი სანათესაო ერთად ვიყრიდით თავს. ჩვენს საყვარელ გასართობს მდინარეზე წასვლა წარმოადგენდა. სადილის შემდეგ მამა დაგვიძახებდა ხოლმე – “ბავშვებო, აბა გაემზადეთ” და ჩვენც ზუსტად 2 წუთში, “კუპალნიკებში” გამოწყობილები  და საცურაო კამერებით შეიარაღებულები დავცემდით ხოლმე ყიჟინას “ჭალაში, ალე, ალე, ალე!!!”… სხვათა შორის, ცურვა აბაშაზე ვისწავლე – კარგად მახსოვს, ნაპირზე ვიდექი და სულ არ ვაპირებდი ჩახტომას, მაგრამ ჩემმა დეიდაშვილმა ხელი მკრა და უცბად წყალში კამერის გარეშე აღმოვჩნდი.

სურ3

დეიდაშვილ-ბიძაშვილ-მამიდაშვილების არასრული შემადგენლობა

სექტემბრიდან სწავლა იწყებოდა – სკოლა, ცეკვა, მუსიკა… კიდევ სხვადასხვა წრეები. წელიწადში 2 ან 3 ექსკურსია, ხანდახან შატალოებიც. პირველად, მგონი, მეექვსე კლასში ვიყავით, როცა თითქმის მთელი კლასი ზოოპარკში გავიპარეთ – მოვიჩხრიკეთ ჯიბეები, ზოგს ხაჭაპურისთვის გამოტანებული 50 თეთრი ქონდა, ზოგსაც ცოტა მეტი. მახსოვს, ერთ-ერთმა ბიჭმა ჯიბეში 20 ლარიანი იპოვა და, რა თქმა უნდა, ყველა კარუსელზე დავჯექით. სკოლაში დაბრუნებულებს გაბრაზებული მასწავლებლები და მშობლები დაგვხვდნენ, თუმცა ჩვენ მაინც ძალიან გვიხაროდა 🙂

მეგობრებისა და გართობის გარდა, ყოველთვის ძალიან მიყვარდა წერა-კითხვა. თუ დედაჩემის შევსებულ დღიურს დავუჯერებთ, პირველი “ლექსი” წლინახევრის ასაკში დავწერე:

ზურიკო და თამთა

მიდიოდნენ გზაზე,

გადმოუხტათ მგელი,

გადახვიეს ხელი

კითხვაც საკმაოდ ადრე დავიწყე ბებიას წყალობით, რომელიც ბაბუს გამოთლილ დაფაზე ანბანს მასწავლიდა. იმ დროიდან მოყოლებული ვოცნებობდი მწერლობაზე და ოცამდე რვეული მაინც მაქვს გავსებული ჩემი ლექსებით და მოთხრობებით. ჩემი პირველი წიგნი, სამწუხაროდ, არ მახსოვს, თუმცა მართლა ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ოჯახური მარაგი რომ ამოვწურე, სკოლის ბიბლიოთეკის წევრი გავხდი.

თითქმის ყოველი წიგნი ძალიან დიდ გავლენას ახდენდა ხოლმე ჩემზე. სწორედ ამიტომ, ხან სახურავზე ვიშენებდი “შტაბს” კარლსონთან შეხვედრის იმედით, ხან პიტერ პენისთვის ვტოვებდი ღია ფანჯრებს, ხან პეპისავით დილექტორობას ვიჩემებდი და ქუჩებში უსარგებლო ნივთებს ვაგროვებდი, ხან წერილს ველოდებოდი ჰოგვარტსიდან და ა.შ.

ყველა მოგონება რომ დავწერო, ალბათ, შორს წავალ. თანაც ამ ბლოგზე პირადი ისტორიების მოყოლას სულაც არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემს ბავშვობაში მოგზაურობამ ძალიან გამიტაცა და, იმედი მაქვს, რომ თქვენც ცოტათი მაინც გაგახალისეთ.

სუუ

ყველას, ყველას გილოცავთ ბავშვთა დღეს, რადგან “ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ” და მჯერა, რომ გულის სიღრმეში მაინც ყოველთვის ბავშვებად ვრჩებით ! 🙂

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s